სუროგაცია - პროგრამის მიმოხილვა

სუროგაცია – პროგრამის დაწყება

მომავალი მშობლებისთვის სუროგატი დედის ჩართვა მკურნალობის პროცესში საჭირო ბევრი მიზეზის გამო ხდება. მათ შორის შეიძლება იყოს:

  • საშვილოსნოს არარსებობა განვითარების თანდაყოლილი მანკის გამო და საშვილოსნოს ანატომიური პრობლემები (მათ შორის როკიტანსკის სინდრომი და სხვა);
  • საშვილოსნოს არარსებობა ჰისტერექტომიის, ანუ ოპერაციული გზით საშვილოსნოს ამპუტაციის ან ექსტირპაციის გამო;
  • ისეთი დაავადებები, როდესაც ორსულობის დროს ქალის ჯანმრთელობის მდგომარეობის დამძიმების ან სიკვდილის საშიშროება (შაქრიანი დიაბეტი, სისტემური დაავადებები, თირკმლის უკმარისობა, ონკოლოგიური დაავადებები და ა.შ.) იქმნება;
  • წარუმატებელი ქირურგიული ჩარევა (ენდომეტრიუმის ბაზალური და ფუნქციონალური შრის დაზიანება, აშერმანის სინდრომი);
  • მრავლობითი, სხვადასხვა ლოკალიზაციის მიომატოზური კვანძის არსებობა;
  • რამდენიმე წარუმატებელი ინ ვიტრო განაყოფიერების მცდელობა;
  • მრავალჯერადი თვითნებური აბორტი.

ასე რომ, ზოგი უნაყოფო წყვილისთვის სუროგატი დედის ჩართვა მკურნალობის პროცესში საკუთარი შვილის გაჩენის ერთადერთი შესაძლებლობაა. IVF Tours Georgia-ს გუნდი სუროგატების შერჩევას, მათ ჯანმრთელობაზე ზრუნვის კოორდინაციას, პარტნიორ კლინიკა რეპროარტთან ერთად ახორციელებს.

თუ ექიმ რეპროდუქტოლოგის მიერ წყვილისთვის გაცემულია რეკომენდაცია, რომლის მიხედვითაც მათ ბიოლოგიური შვილი სუროგატი დედის დახმარებით უნდა იყოლიონ, წყვილი IVF Tours Georgia-ს პერსონალურ მენეჯერებთან ერთად სუროგატ დედას IVF Tours Georgia-ს ბაზიდან არჩევს.

შეავსე განაცხადი და გამოგვიგზავნე, რომ მიიღო სპეციალური კოდი დონორებისა და სუროგატების ბაზის სანახავად.
coordinator@ivftoursgeorgia.com

ბევრი ქალი სუროგატი იმიტომ ხდება, რომ სურს, უშვილო წყვილებს ოცნების ასრულებასა და საკუთარი შვილის გაჩენაში დაეხმაროს. IVF Tours Georgia-ს გუნდის მიზანი იმ ადამიანების პოვნაა, რომლებიც საკუთარი სურვილით უშვილო წყვილებს ამ მნიშვნელოვანი ნატვრის ახდენაში ეხმარებიან.

IVF Tours Georgia-ს გუნდს სუროგატებისა და დონორების საკმაოდ დიდი ბაზა აქვს, რომელიც მუდმივად ახლდება. სუროგატების შემთხვევაში, ბაზაში 20 – 35 წლის ქალები არიან, რომლებსაც ერთი ან რამდენიმე საკუთარი შვილი ჰყავთ.

IVF Tours Georgia-ს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი უპირატესობა ქართულ-ამერიკულ კლინიკა რეპროარტთან მჭიდრო თანამშრომლობაა. ეს თანამშრომლობა რეპროარტის სამედიცინო პერსონალისა და IVF Tours Georgia-ს სუროგატების კოორდინატორების თანმიმდევრულ და შეთანხმებულ მუშაობას გულისხმობს. სუროგატ დედაზე მზრუნველი გუნდის წევრები სუროგატების კოორდინატორი, რეპროარტის პროფესიონალი სამედიცინო სპეციალისტი და პაციენტებთან ურთიერთობის კოორდინატორი არიან. სწორედ ისინი მართავენ სუროგატის მკურნალობას და იმ ადმინისტრაციულ პროცესებს, რომლებიც კონტრაქტს, ანგარიშსწორებას, სამედიცინო ვიზიტების კალენდრის შედგენას და ა.შ. უკავშირდება.

IVF Tours Georgia-ს პერსონალური მენეჯერების გუნდს ამ სფეროში მრავალწლიანი გამოცდილება აქვს. მისმა წევრებმა კარგად იციან, თუ როგორ მართონ პროცესი მომავალი სუროგატი დედის შერჩევიდან ბავშვის გაჩენამდე.

ჩვენი სუროგატი დედები მზად არიან ნაყოფი მუცლად ატარონ, ფეხმძიმობის პერიოდში მას ხელსაყრელი პირობები შეუქმნან, ექიმის თითოეული მითითება და დანიშნულება სწორად შეასრულონ. ამ პროცესის მართვაში მნიშვნელოვან როლს IVF Tours Georgia-ს პერსონალური მენჯერები ასრულებენ. ისინი ექიმის დანიშნულების ზედმიწევნით შესრულების კონტროლს, ექიმთან ვიზიტების კალენდრის შედგენასა და მონიტორინგს, საჭირო მედიკამენტებით მომარაგებასა და 24/7 რეჟიმში მუდმივ საინფორმაციო კავშირს უზრუნველყოფენ.

სუროგატ დედას კავშირი IVF Tours Georgia-ს სუროგატების კოორდინატორთან აქვს. იგი მათ აპლიკაციის შევსების პროცესში ეხმარება, აწვდის ინფორმაციას ყველა პროცედურის შესახებ და სუროგატად გახდომის პროცესში მაქსიმალურ კომფორტს უქმნის.

სუროგაცია – მომზადება

სუროგატის დედის შერჩევის შემდეგ  მისი და მომავალი დედის მენსტრუალური ციკლის სინქრონიზაცია ხდება, რათა შემდგომ  ემბრიონის გადატანა სუროგატი დედის საშვილოსნოში სათანადოდ მომზადებული ენდომეტრიუმის ფონზე განხორციელდეს.

 

სუროგაცია – პროცედურები

როდესაც  საკვერცხეებში ფოლიკულები საჭირო ზომას აღწევს, ბიოლოგიურ დედას ფოლიკულების ასპირაცია უტარდება. ასპირაცია მისთვის საკმაოდ მარტივად მიმდინარეობს, პროცედურა ჯანმრთელობისთვის უსაფრთხოა.

ასპირაციით მიღებულ ფოლიკულურ სითხეში ემბრიოლოგი კვერცხუჯრედებს მოძებნის, მათი მომწიფების სტადიას შეამოწმებს და შემდეგ სპერმის იმ რაოდენობას ამატებს, რომელიც განაყოფიერებისთვისაა აუცილებელი.

განაყოფიერდა თუ არა კვერცხუჯრედი, ამის დადგენა დაახლოებით 18 საათის შემდეგაა შესაძლებელი, მის განვითრებას კი 24-72 საათის განმავლობაში ემბრიოლოგი აკვირდება.

ფოლიკულების ასპირაციის პროცედურის ხანგრძლივობა სულ 15-30 წუთია. მომავალი დედის დაძინება ინტრავენური ანესთეზიით ხდება. შესაბამისად, კვერცხუჯრედის ასპირაციის პროცედურა უმტკივნეულო და უსაფრთხოა. ქალი რამდენიმე საათი მოსვენებულ მდგომარეობაში, ექიმის მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფება, ხოლო შემდეგ სახლში მიდის და ყოველდღიური ცხოვრების რეჟიმს უბრუნდება. საკონტროლო ულტრაბგერით კვლევაზე მომავალი დედა 1 კვირაში მოდის და მის ჯანმრთელობას ექიმი ამოწმებს.

სუროგატი დედის საშვილონოს ღრუში საუკეთესო ემბრიონის გადატანა წვრილი კათეტერით, განაყოფიერებიდან 3-5 დღეში, ექო-მონიტორინგის ქვეშ ხდება. პროცედურა უმტკივნეულოა და სულ რამდენიმე წუთს გრძელდება.

წარმატებული ინ ვიტრო განაყოფიერების დროს ემბრიონები ლაბორატორიაში 2-5 დღე, ზოგჯერ – 6 დღემდე რჩება. მე-5 დღის ემბრიონი ბლასტოცისტად ყალიბდება. ემბრიონის ბლასტოცისტამდე განვითარება სელექციისა და 1 ან 2 ემბრიონის გადატანის საშუალებას იძლევა. 1-2 ემბრიონის გადატანა მრავალნაყოფიანი ორსულობის თავიდან ასაცილებლად ხდება, რადგან მრავალნაყოფიანი ორსულობა სუროგატი დედის და ნაყოფის ჯანმრთელობას აყენებს ზიანს. დარჩენილი ემბრიონები იყინება და მათი გამოყენება შესაძლებელია მომავალი ორსულობის მისაღებად.

ორსულობის ტესტი ემბრიონის გადატანიდან 9-11 დღეში ტარდება.

სუროგაცია – ადმინისტრაციული საკითხები

საქართველოში სუროგაციის იურიდიული პროცედურები მარტივია! მთავარია, წყვილმა სუროგაციისა და დონაციის შესახებ საქართველოს კანონმდებლობა იცოდეს და იმ მექანიზმების თაობაზე იყოს ინფორმირებული, რომლებიც მომავალი შვილის დაბადების მოწმობის ასაღებადაა აუცილებელი. დანარჩენი პროცესი კი ძალიან მარტივია. ამასთან, საქართველოში არსებული იურიდიული პროცედურების შესახებ ინფორმაციის გარკვევასა და მიწოდებაში წყვილს ყველა ძირითად ეტაპზე IVF Tours Georgia-ს გუნდი ეხმარება.

IVF Tours Georgia-სთან ერთად სუროგაციის პროგრამა ქართველი პაციენტებისთვის საკმაოდ ხელმისაწვდომია. ჩვენთვის მთავარია, რომ უახლესი რეპროდუქციული მეთოდებისა და ამერიკული სტანდარტების შესაბამისი IVF სერვისები წყვილმა სწრაფად, წარმატებულად და ეკონომიურად მიიღოს. სწორედ ამიტომ მაქსიმალურად ვცდილობთ, სუროგაციის პროგრამა ფინანსურად ხელმისაწვდომი ყველა იმ წყვილისთვის გავხადოთ, ვინც უნაყოფობის მკურნალობასა და IVF სერვისებს ეძებს.

რეპროარტი

ქართულ-ამერიკული რეპროდუქციული კლინიკა

შეარჩიე სუროგატი დედა